საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობიან.
ქობულეთში, პროექტის ავტორებთან ერთად, მათ განიხილეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და სოფელ ხუცუბანში ახალი რაგბის სტადიონის პროექტები და მშენებლობისთვის განსაზღვრული ტერიტორიები დაათვალიერეს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში რაგბის ახალი სტადიონის მშენებლობას იწყებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული რაგბის მოედნის ამორტიზებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახალი, 250 მაყურებელზე გათვლილი ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა თანმდევი ინფრასტრუქტურით.
ასევე, გათვალისწინებულია 450 კვ.მ ფართობის ადმინისტრაციული შენობა, სადაც განთავსდება გასახდელები, სველი წერტილები, საშხაპეები, მსაჯების, მწვრთნელებისა და ექიმების ოთახები და სხვა დამხმარე სივრცეები.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი ედნარ ნატარიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე.